სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. სტიქიამ ჭალაადის ჰესი მთლიანად გაანადგურა. 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო.
ჩამონგრეულია ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ახლა მდინარის კალაპოტს ნაწილობრივ ხერგავს. არსებობს საფრთხე, რომ წყალი შეგუბდეს და ხეობის სოფლებს დაემუქროს. ჭალაადის ხეობაში ჰესის მშენებლობა რომ საშიში იყო, ხელისუფლებას ექსპერტები წლების წინ აფრთხილებდნენ.
„სტიქიები მანამდეც ხდებოდა, მაგრამ ასეთი გახშირებული ფორმით გამოიწვია იმ სამუშაოებმა რაც იქ ჩატარდა. დაწერილია დასკვნები დადებულია მეცნიერების, ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს მეცნიერული დასკვნები ყურად არ იღეს და მაინც გააგრძელეს კატასტროფული, სვანეთის დაღუპვის გეგმა. დღეს შედეგს ვღებულობთ. არ გაატარა ის მასა, იმიტომ არ გაატარა, რომ არ იყო კეთილსინდისიერად გაკეთებული, სწორედ ამაზე მიუთითებდნენ ექსპერტები,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი მანანა თაღლიანი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის გზა, რომელიც მანამდე იყო სრულიად წაშლილია. წყლის მოვარდნისას წაღებულია ავტომობილები.
„მოვარდა წყალი მოიტანა ქვები, ხეები, წაიღო ავტომობილები და დაზარალებული ვართ ამ ყველაფრის გამო. როგორც ამბობენ, დაზარალებული ბევრია. ოცამდე ავტომობილი იდგა, ზოგიერთი არც კი იძებნება, წაღებულია,“-ამბობს მძღოლი ჯუმბერ რობაქიძე.