"რუსთავი 2-ის" საქმეზე თავისი მოსაზრებები ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა სახალხო დამცველს გააცნეს. ომბუდსმენის თქმით, "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები დაზარალებულად ჯერ კიდევ 2015 წელს იქნენ ცნობილი, თუმცა პროკურატურამ საქმის გამოძიება გააჭიანურა.
ნინო ლომჯარიამ ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა უნდა შენარჩუდნეს. მისი თქმით, კრიტიკული ტელევიზიის განეიტრალებით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხი.
„იმდენი წელი არის გასული და იმდენი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა ბრალის წარდგენის საფუძველი საქმეში თუ უნდა შეწყდეს გამოძიება. კრიტიკულ ტელევიზიას აქვს განსაკუთრებული საჯარო დატვირთვა ქვეყანაში და მისი სარედაქციო პოლიტიკის თუ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას ექნება გავლენა არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელევიზიაზე, არამედ ექნება გავლენა ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობაზე, რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ლომჯარიამ.