17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
დატბორილ სვანეთში სტიქიასთან გამკლავებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ - დასახლებებს წალეკვა ემუქრება

დატბორილ სვანეთში სტიქიასთან გამკლავებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადიდებული მესტიაჭალის დონე იმდენად კრიტიკულია, რომ დასახლებებს წალეკვით ემუქრება.

ადიდებულმა მდინარემ 20-მდე ავტომობილი გაიტაცა, მათი მხოლოდ ნაწილის პოვნა მოხერხდა. ძლიერი წყალმოვარდნისა და ღვარცოფის შედეგად დაზიანდა მესტია ჭალაჰესი, რომელიც სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. სამი ძლიერი ნაკადის შემდეგ შენობა ნაგებობები დაიტბორა.

ძლიერი წვიმების შედეგად მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, მურყვამისა და ლეხზირის მყინვარზე, ყინულის მასა ჩამოშალა, რამაც ხეობა გადაკეტა და დროებითი ტბა წარმოქმნა. მისი გარღვევას კი მდინარე მესტია ჭალის ხეობაში უეცარი წყალმოვარდნა და ღვარცოფი მოჰყვა.

მოსალოდნელ საფრთხეებზე ჯერ კიდევ ჰესის აშენებამდე საუბრობდნენ მესტიელები და მის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. ჰესი სულ ცოტა ხნის წინ შევიდა ექსპლუატაციაში. მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მის წინააღმდეგ არაერთი აქცია თუ შეხვედრაც გამართეს მესტიასა და თბილისში.

ხელისუფლებამ მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა, რასაც მწვავე პროტესტიც მოჰყვა ადგილობრივების მხრიდან. ერთი წლის წინ 8 თვის ფეხმძიმე მესტიის ცენტრში, შუა გზაში დაწვა და შეეცადა, ტექნიკა არ გაეტარებინა. მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰესი აშენდა.

სტიქიის შემდეგ გარემოს დაცვის უწყების წარმომადგენლები და მესტიის მუნიციპალიტეტიც მომხდარს მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირებენ.

სპეციალისტების თქმით, ასეთი შემთხვევები მოსალოდნელი იყო მყინვარულ და ღვარცოფულ მდინარეებზე, რაც უნდა გაეთვალისწინებინათ ხელისუფლებასაც, პროექტის ავტორსაც და მშენებელ კომპანიასაც.

სტიქიის შედეგად ამ დრომდე მოწყვეტილია გარესამყაროს ერთი სოფელი. დაზიანებულია წყლის მილებიც, რის გამოც მესტიას წყალი არ მიეწოდება. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ის სულ მცირე 62 მილიონი დოლარია, სწორედ ეს თანხა დაჯდა ჰესის მშენებლობა.

დღის ამბები