17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმე - ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ზვიად კორძაძის განცხადებით, განჩინება, რომელიც დაუსაბუთებელი იყო მას დაგვიანებით ჩაბარდა.

ადვოკატი ამბობს, რომ განჩინებაში დაცვის მხარის არგუმენტებზე პასუხები საერთოდ არ არის გაცემული და არც ის არის დასაბუთებული, რატომ მიაჩნია სასამართლოს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა სამართლიანად.

სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, კორძაძე სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვს გააუქმოს განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიება, რომელიც თითოეულ ბრალდებულზე 700 ათას ლარიან გირაოს ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ სასამართლომ განჩინება ჩაგვაბარა მხოლოდ დღეს დილის 11 საათზე , გამოყოფილი 48 საათიდან გასაჩივრებისთვის მხოლოდ 8 საათ-ნახევარი დაგვრჩა.

თუმცა თვითონ განჩინებაში რაც არ უნდა უცნაური იყოს, არ არის დასაბუთებული მსჯელობა დაცვის მხარის პოზიციებს განჩინებაში მიძღვნილი აქვს ერთი აბზაცი და იმაზეც პასუხი არ არის გაცემული, შესაბამისად ჩვენ ყველა ეს არგუმენტი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში,“-ამბობს კორძაძე.

დღის ამბები