ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია - ამის შესახებ ინფორმაციას, საყდრისის კომიტეტის წევრები ავრცელებენ. ისინი კომპლექსში რამდენიმე დღის წინ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ისტორიული ძეგლი ინგრევა.
ნინო ბურჭულაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული კომპლექსის კედლები და კოშკი.
„ვნახეთ ჩამოშლილი კედლები, ჩამოყრილი ქვები, ასევე დაზიანებული ქონგურები და ასევე დაზიანებული მიწისქვეშა გასასვლელი და რაც აღმაშფოთებელია, ჩვენ ვნახეთ იქ ნაგავსაყრელი. ეს არის მავნებლობა. რა თქმა უნდა პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა დგას აქ და ყველა იმ სამსახურის, რომელიც არის მოწოდებული დაიცვას საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა,“-განაცხადა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძე.
კომიტეტის წევრებმა ინფორმაცია უკვე მიაწოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ისინი დღეს ადგილზე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად ჩავლენ.
„ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, რამდენადაც ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს გამოწვეული ხარვეზები დროზე აღვადგინოთ და გამოვასწოროთ. მონიტორინგის სახით დავაკვირდებით დაზიანებების ხარისხს, ვგეგმავთ იმ ღონისძიებებს, რომელიც გადაუდებელი წესის სახით იქნება ჩასატარებელი მათ აღმოსაფხვრელად,“-აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.