თავდასხმა ჟურნალისტებზე ბათუმში. ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ლიფტი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის გასაშუქებლად ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, და მშენებლობიდან ქვები დაუშინეს. ნასროლი ქვა ერთ-ერთ ჟურნალისტს თავში მოხვდა. რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაშავებულებს, 3 მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საჭირო გახდა 2 დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა.
გამოძიება ორი სხვადასხვა მუხლითაა დაწყებული. საუბარია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე და სამშენებლო სამუშაოების წესების დარღვევაზე.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი. მერაბ დიმიტრაძე ამბობს, რომ მშენებლობაზე შესული პირები არ დაემორჩილნენ მშენებლობის მოთხოვნას, დაეცვათ უსაფრთხოების ზომები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ამბობს,რომ ყველა დაშავებულს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია.
„2 მათგანი არის საშუალო სიმძიმის, ერთ მათგანს აქვს მოტეხილობა, ამიტომ პირველ რიგში ის არის შეყვანილი კვლევებისთვის. პირველადი კომუნიკაციით, ისინი არ უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები,“-ამბობს მიქელაძე.