ავტოკატასტროფა თუშეთის გზაზე - მეორე დღეა შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ხევში გადაჩეხილ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხევში გადავარდნილი ავტომობილის ამოღებას ცდილობენ, თუმცა რთული ადგილმდებარეობის გამო, სამუშაო გარკვეულ სირთულეებს მოიცავს. მაშველები ფიქრობენ, რომ დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი შესაძლოა ხევიდან ავტომობილის ამოღების შემდეგ ნახონ. თუმცა არსებობს ასევე ვარაუდი, რომ 17 წლის ლევან შაბალაიძე შესაძლოა მდინარე სტორის დინებამ წაიღო.
„მიმდინარეობს ავტომობილის, რომელიც არის გადავარდნილი, დაჭრა, რათა უფრო მსუბუქი გახდეს და ადვილი გახდეს მანქანის ამოღება, მაგრამ რთული ადგილმდებარეობის გამო, ჯერჯერობით გაძნელებულია. ოპერაცია არ ჩერდება, იმედი არსებობს, რომ ავტომობილის ამოწევის შემდეგ, იპოვნიან გარდაცვლილ ადამიანს,“- განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უამინდობის დროს აღნიშნულ გზაზე გადაადგილება რთულდება. მათი თქმით, იყო საუბარი თუშეთამდე გვირაბის გაყვანის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
სამაშველო ოპერაციის ჩატარების გამო, დილიდან თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო, თუმცა ამ დროისათვის გადაადგილების პრობლემა მოხსნილია.
ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. "კამაზის" ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაზე ათზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, დაშავდა 5, ხოლო გარდაცვლილია 6, მათ შორის, სამი ერთი ოჯახის წევრები, მამა და შვილები არიან.
ავტორი: ია გულიაშვილი.