ირაკლი ოქრუაშვილის საქმე - ბრალდების მოწმეები მოქმედი სამართალდამცველები არიან.
“კურიერი” მათ საცხოვრებელ სახლებში მივიდა და გაარკვია, რომ ყველა პოლიციელი სტატუსს ამ დრომდე ინარჩუნებს. ყველა მათგანი 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული მათი ჩვენებები კი 23-24 ივლისით თარიღდება.
“კურიერის“ მიერ მოპოვებული საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ შს სამინისტრო და მინისტრი გახარია მხოლოდ საკუთარი თანამშრომლების ჩვენებს ეყრდნობა და ამით ცდილობს, ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაუმტკიცოს.
ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ბაკურ გერგენიძეა, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ მას პირადად ესმოდა როგორ მოუწოდებდა მასთან ერთად მყოფ პირებს პარლამენტში შეჭრისკენ.
ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს თემურ კვინიკაძესაც. სპეცრაზემელი გამოკითხვის ოქმში ორგანიზებულ ჯგუფზე საუბრობს, რომელიც აქციაზე პოლიციას ფიზიკურად უსწორდებოდა. მხოლოდ ჩვენების ბოლოს ახსენებს ოქრუაშვილს, ამბობს რომ ის მომიტინგეთა შორის დაინახა, თუმცა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიერ ძალადობრივი გზით პარლამენტში შესვლის შესახებ მოწოდება არ გაუგია.
თემურ კვინიკაძე გამოძიებამ 24 ივლისს ანუ ოქრუაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე გამოკითხა. ჩვენებაში სამათალდამცველი არ აკონკრეტებს დროს, როდის დაინახა ირაკლი ოქრუაშვილი.
"კურიერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალებით დასტურდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, გამოძიება ძირითადად პოლიციელების ჩვენებს ეყრდნობა.