17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - გასაუბრების პროცესი შესაძლოა, სექტემბრამდე შეწყდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შესაძლოა შეწყდეს. მიზეზი, აგვისტოს თვე და საშვებულებო პერიოდია. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით,  შესაძლოა შვებულებების გამო გასაუბრების პროცესი აგვისტოში შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს. მისი თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ამის შესახებ საბჭოს წევრებს ჯერ არ მიუღიათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს კვლავ შედგება. იუსტიციის საბჭოს წევრები დღეს ორ კანდიდატს - ნიკოლოზ მარსაგიშვილსა და ლავრენტი მაღლაკელიძეს მოუსმენენ. ორივე კანდიდატი მოქმედი მოსამართლეა. ამ დროისათვის საბჭოში გასაუბრება 26-მა კანდიდატმა გაიარა.

„დაგეგმილი გვაქვს გასაუბრება ორ კანდიდატთან, ორივე არის მოქმედი მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი და ლავრენტი მაღლაკელიძე. როგორც შევთანხმდით საბჭოს წევრები ყოველდღიურად შევეცდებით, რომ ორ კანდიდატს გავესაუბროთ. მივყვებით ჯერჯერობით აი, ამ გრაფიკს. არ არის გამორიცხული, რომ, ვთქვათ, გასაუბრება რაღაც ეტაპზე შეწყდეს და გაგრძელდეს სექტემბერში. ამაზე მყარად ჩამოყალიბებული, ანუ გადაწყვეტილება საბჭოს წევრებს მიღებული არ გვაქვს,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გასაუბრების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია მან მედიის საშუალებით გაიგო. ჯანეზაშვილი ასევე, გასაუბრებების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ საბჭოს წევრები ზოგიერთი კანდიდატების მიმართ განსაკუთრებულად ორგანიზებულები და მობილიზებულები არიან, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისინი ერთმანეთთან კონკრეტულ გარიგებაში არიან.

„მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების ფონზე, როდესაც საბჭოს მოსამართლე წევრები ხელს მიშლიან მე პირადად გასაუბრებაში. შესაძლოა, რაღაცა პერიოდში შეწყდეს გასაუბრება და შემდგომ უკვე გაგრძელდეს სექტემბერში. ესეც სიახლე იყო, რომელიც მედიის მეშვეობით გავიგეთ. ზოგიერთ კანდიდატთან მიმართებაში არიან ორგანიზებულები და მობილიზებულები და სავარაუდოდ, ის ხალხი მოხვდება სიაში, ხოლო ზოგიერთთან მიმართებაში ძალიან ნეიტრალური, ფორმალური,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები