17 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ივანიშვილი ხმაურმა შეაწუხა - ოლიგარქის ოჯახის საჩივრის საფუძველზე, აქცია გააღვიძე "ოლიგარქის" მონაწილეები დაკითხვაზე დაიბარეს

აქცია შეკვეთილში - ოზურგეთის პოლიციაში 10 აქტივისტის გამოკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხმაურის კანონის დარღვევას ედავებიან. შეტყობინება 112-ში ივანიშვილის სახლიდან შევიდა, რომლის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.

„თურმე ივანიშვილი წუხდება ჩვენი ხმაურით, თურმე ვერ სძინავს ტკბილად და ამასთან დაკავშირებით დაგვიბარეს, თუ რა ინსტრუმენტებს ვიყენებთ, როგორ ვატარებთ აქციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე ვიტყვი, რომ ეს არის ერთგვარად, ჩვენი, ჩვენი აქტივისტების დაშინება,“- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა მინდია ადაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ხელისუფლების მხრიდან  რუსულ მეთოდებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ისინი რუსული ხელისუფლების მსგავსად აქციის მონაწილეებს აკავებენ და დაკითხვებზე იბარებენ. ბაგრატიონის თქმით, ეს სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ერთგვარი დაშინების ხერხია, რომლითაც ივანიშვილი საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს.

„ აქციები, რომელიც იმართება შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეწუხებულია ამით. თქვენ უყურებთ რუსეთში აქციების შემდეგ როგორ ხდება ადამიანების დაბარებები, დაკავებები და ამ რუსული მეთოდებით ივანიშვილი ცდილობს ის აქციის მონაწილეები დააკავოს, მიიყვანოს გამოკითხვებზე, როგორმე აქციას ხელი შეუშალოს, ფსიქოლოგიურად ზემოქმედება გააკეთონ პოლიციის თანამშრომლებმა, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილს მიეცეს თავისუფლად დასვენების საშუალება,“- განაცხადა ბაგრატიონმა.

"გააღვიძე ოლიგარქი " - ამ სახელწოდების აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში მონაწილეები საყვირების საშუალებით სიგნალებს უშვებენ. ოზურგეთის პოლიცია კი სპეციალური საზომი აპარატებით უკვე 10 დღეა ცდილობს, დაადგინოს, გაშვებული ხმები აღემატება თუ არა კანონით დაშვებულ ზღვარს.

დღის ამბები