17 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
ვითარება გარეჯში - საგარეო უწყება განმარტებებს აკეთებს 

გარეჯში შექმნილი ვითარების გარკვევას კი ორმხრივი კომისია ადგილზე შეეცდება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა, სადელიმიტაციო საკითხებზე მომუშავე კომისია ექსპერტებთან ერთად დავით გარეჯში 19 აგვისტოს ჩავა და მოლაპარაკებები დაიწყება.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის გაზრდილია როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი მესაზღვრეების რიცხვი. დარსალია ადასტურებს, რომ შეზღუდულია გადაადგილება აღდგომის ტაძრის მიმართულებით. დარსალია ამბობს, რომ კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყებებისგან არის შემდგარი მუშაობს, რათა ძველი რეჟიმი აღდგეს.

"რაც შეეხება დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებას, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.

ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს სიმშვიდე და მაქსიმალურად იყოს კეთილგანწყობილი ატმოსფერო.

მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ყველა უწყების შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში . პრობლემა 25 წელია არსებობს და კომისიები ორივე მხრიდან დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების მიერ.  მუშაობა კომისიების დონეზე მიმდინარეობს.  პრობლემა ძალიან რთულია, პრობლემა უნდა მოვაგვაროთ რაც შეიძლება მალე.

ბოლო ინციდენტის შემდეგ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ორივე მხრიდან გადაადგილებაზე და მიმდინარეობს მუშაობა, რათა დაბრუნდეს ძველი რეჟიმი,“-აცხადებს ლაშა დარსალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები