საქართველოში აიკრძალოს ნებისმიერი ტიპის პლასტმასის და რეზინის ტყვიის გამოყენება - ამ ინიციატივით „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტს მიმართა. ჩხარტიშვილი პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს და ამბობს, რომ ამ პრაქტიკას უკვე ბევრი ევროპული სახელმწიფო იზიარებს. მისი თქმით, დაუშვებელია აქციის დაშლის მიზეზით ადამიანებს გამოუსწორებელი ფიზიკური ზიანი მიადგეს.
„დაუშვებელია აი, ასეთ მდგომარეობაში ჩააგდონ აქციის დაშლის მიზეზით ადამიანები. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება პოლიციის შესახებ კანონში, მიღებული იქნას ჩემ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საქართველოში აიკრძალება ნებისმიერი ტიპის, პლასტმასის და რეზინის ტყვიის გამოყენება და მათ ნაცვლად რჩება კანონით გათვალისწინებული საშუალებები, რომლის კანონიერ შემთხვევაში გამოყენებით შეიძლება აქციის დაშლა ისე, რომ არ მოკლან, არ დათხარონ თვალები ადამიანებს,“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.