17 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ლარი მიშვებულია თავისუფალ ცურვაში - ანალიტიკოსები

ქვეყნის ეკონომიკაში პროცესები ოფიციალურად უკონტროლოა. 1 დოლარი ბანკებში უკვე სამი ლარი ღირს. ოფიციალური კურსი კი 2.95 ლარითაა განსაზღვრული. გაუფასურებული ლარის წყალობით, კატასტროფულად დაეცა მოქალაქეების რეალური შემოსავლები და, მეორე მხრივ, უკიდურესად გაძვირდა ცხოვრება. გაძვირდა ყველაფერი, რაც შემოტანილია, საკვები, წამლები.

ბაზარზე კი სრული გაურკვევლობაა, არავინ იცის, არის თუ არა 3.0 ბოლო წერტილი. საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia-ის” მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ლარი თავისუფალ ცურვაში მიშვებულია. 

„აქ რომელიმე ერთი ფაქტორის დაჭერა და დღეს ამაში ფულის გასროლა რაც იგულისხმება ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ვერ მოიტანს იმ შედეგს მარტივი მიზეზის გამო კურსმა სხვა მიზეზების გამო, იმის გამო, რომ არ არის გასული საგარეო შოკი, შეიძლება გააგრძელოს თავისუფალ რეჟიმში ცურვა, ის შეიძლება ვერ გააჩეროს ვერც 20,30 და ვერც 50 მილიონის ინტერვენციამ, ცხადია, რომ თავი და ბოლო, მთავრობა არის დამნაშავე დასაწყისში პრობლემის წარმოქმნისა, ძალიან რთულია, სწრაფი და მყისიერი რეაგირება გვქონდეს, მაგრამ აქ ის შემთხვევაა, როცა ჩვენ რეაგირება საერთოდ არ გვქონდა. ლარს კონკრეტულად გამოკვეთილი პატრონი არ ჰყავს, დღეს ლარი არის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თავიდან ბოლომდე არის მიშვებული თავისუფალ ცურვაში,“ - ამბობს საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia-ის” მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ ახლა, როცა ერთი დოლარის ღირებულება სამი ლარი გახდა, გაუფასურების საფრთხე კიდევ უფრო დიდია. მისი აზრით, ახლა საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს კომუნიკაცია ბიზნესთან და ეროვნულ ბანკთან, რათა დასახონ კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმები.

"ეს მდგომარეობა, რაც ახლა არის, არ აძლევს ხელს არავის. არც მთავრობას, არც ოპოზიციას და, პირველ რიგში, ვნებს ქვეყანას. ლარის გაუფასურება კარგა ხანია, დაიწყო, ძირითადად არის გადაბრალების ტაქტიკა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ტაქტიკა, რაც არ ამართლებს,"- ამბობს კეპულაძე. 

დღის ამბები