„ქიბარი ამ შემთხვევაში მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო,“ - ამის შესახებ განცხადება "რუსთავი 2-ის" ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ჯარჯი აქიმიძემ გააკეთა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მან "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს "რუსთავი 2-ის"წილის 40% შესთავაზა, რაზეც მათ კმაყოფილება ვერ შეატყო.
ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ის და დავით დვალი არ დათანხმდებიან 40%-იან წილს.
„ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება,“-განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
ყველაზე მაღალი ციფრი, რომელიც შეიძლება დასახელდეს, ეს 60%-ია. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ამის ზემოთ ციფრები უბრალოდ ვერ წავა.
„60%-ს ვერანაირად ვერ ავცდებით იმიტომ, რომ ჩვენი იყო 60%. ამის მაღლა ჩვენ უბრალოდ ვერ წავალთ,“ - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ მოქმედი დირექტორი არ ერევა გადაწყვეტილებებში და ჟურნალისტები მუშაობენ თავისუფლად.