17 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
"რასაც ჩადის ეროვნული ბანკი და მთავრობა, შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი უმოქმედობა" - პოლიტიკოსები ლარის გაუფასურებაზე

"ის, რასაც ჩადის ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა, შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი უმოქმედობა," - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე. მისი თქმით, წარმოუდგენელიც კი არის ის სურათი, რომელიც ქვეყანაში ახლაა შექმნილი. გოცირიძე აცხადებს, რომ დანაშაულია, როცა ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ელის, ლარი როდის დასტაბილურდება და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

„ხელები აქვთ ჩამოშვებული და, ფაქტობრივად, არის კაპიტულაცია, ბედს არიან მინდობილი. ჰგონიათ, რომ თავისით დასტაბილურდება ლარი. თავისით არაფერი ხდება, უნდა გამოიყენოს ინტერვენციები, უნდა შეამციროს უცხოური ვალუტით დარეზერვების ნორმა, საქართველოს მთავრობამ უნდა მოახდინოს გარკვეული კორექტირება ბიუჯეტისა, მოიჭირონ ქამრები, შეკვეცონ არარაციონალური ხარჯები, ეს ღონისძიებები ერთდროულად უნდა გაატარონ,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით,  ქვეყანას იმისთვის ჰყავს მთავრობა და აქვს ეროვნული ბანკი, რომ საგარეო ფაქტორების მიუხედავად, ლარის გაუფასურებისგან გამოწვეული პრობლემები მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნონ.

„ვუყურებთ მთავრობისა და ეროვნული ბანკის სრულიად არაკომპეტენტურობას. წლებია, ლარი ასეთ მდგომარეობაშია, წლებია, ეკონომიკა სუსტდება, წლებია, ფასების საკითხი აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, წლებია, უმუშევრობის პრობლემა გვაწუხებს და ამის მიუხედავად, ვერცერთი ნაბიჯი ამ მთავრობამ ვერ გადადგა,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით კი, ლარი ეკონომიკის სარკეა და ასახავს იმ დინამიკასა და განწყობას, რომელიც, ზოგადად, ქვეყნაში არის.

მისი განცხადებით, ლარის გაუფასურება არ შეიძლება იყოს ერთი რომელიმე ფაქტორის მიზეზი. კობერიძე ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საპანიკო არაფერია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტები, რომელსაც გამოიყენებს.  

დღის ამბები