17 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" წილების გადაცემა არ მოხდა - ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანიის დამფუძნებლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მოლაპარაკება "რუსთავი 2-ის" ახალ მფლობელსა და დამფუძნებლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. ქიბარ ხალვაშმა დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის "რუსთავი 2-ის" 40%-იანი წილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა, თუმცა არხის დამფუძნებლები წინადადებას არ დათანხმდნენ.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ადასტურებენ, რომ უარყოფითი პოზიცია შეთანხმების მოსმენისთანავე დააფიქსირეს, თუმცა არგუმენტირებული პასუხისთვის მაინც დრო ითხოვეს. იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მათ შესაძლოა, კონტრშეთავაზებაც ჰქონდეთ. უარის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც უკვე თქვეს, ის არის, რომ დღევანდელი შეთავაზება მხოლოდ წილის მიღებას გულისხმობს და არა კომპანიის მართვაში ჩარევას.

როგორც გაირკვა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ "რუსთავი 2-ის" დღევანდელ მფლობელს დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს მათი ხედვა "რუსთავი 2-ის" მუაობასთან დაკავშირებით და უთხრეს, სად გადის ის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. დავით დვალის განცხადებით, "რუსთავი 2" უნდა დარჩეს კრიტიკულ ტელევიზიად და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"რუსთავი 2-ის" მომავალთან დაკავშირებით შეკითხვებს დღეს ქიბარ ხალვაშმაც უპასუხა. მან თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა, ისევ ეძებს უცხოელ მედია მენეჯერს და მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კომპანიის გაკოტრების დაწყებას არ გეგმავს.

ქიბარ ხალვაშს დღეს ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსის შეცვლას. ამ ეტაპზე ცვლილებებს "რუსთავი 2-ში" არც ახალი მფლობელი და არც გენერალური დირექტორი ადასტურებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები