17 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
აუდიტის სამსახურის დასკვნით, აჭარაში გზების მშენებლობაზე კოლოსალური თანხა გაიფლანგა

გზების მშენებლობაზე დახარჯული მილიონები, დაუსრულებელი სამუშაოები და ხალხის ფული, რომელიც ხელისუფლებამ გაფლანგა - სახელმწიფო აუდიტმა დაადგინა, რომ აჭარაში გზების დასაგებად კოლოსალური თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. მთავარი მაკონტროლებლის ანგარიშში მოხვდა არაერთი კანონდარღვევა, რომელზეც "კურიერი" ერთი წლის წინ დეტალურად საუბრობდა, თუმცა ფაქტების გასაჯაროებას მაშინ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმა და აგრესია მოჰყვა.

მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად რეაბილიტირებული გზები ხელმეორედ დააგეს და ოლიგარქის სურვილის შესასრულებლად ბიუჯეტიდან მილიონები დახარჯეს, პროკურატურის შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. განსაკუთრებულ აქცენტს აუდიტის სამსახური სოფელ ზენითის გზაზე აკეთებს. ეს გზა ერთხელ ბიუჯეტის ფულით დაიგო. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა იქედან ხეების გადატანა განიზრახა. გზა ვიწრო იყო, ამიტომ აჭარის მთავრობამ ერთხელ დაგებული საფარი აყარა და გზის გაფართოება დაიწყო, ამისთვის მილიონობით ლარი დახარჯა. 

იმის მიუხედავად, რომ "ოცნების" ჩინოვნიკები ივანიშვილის დაკვეთას ასრულებდნენ, ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ მორიგი სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ისინი გაწირონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ ნაწილი შეამოწმა. საუბარია 2016-2017 წლებში აშენებულ გზებზე. ოპოზიცია ამბობს, რომ ამაზე უფრო მძიმეა სურათი 2018-2019 წლებში, როდესაც ხალხის კუთვნილი კიდევ უფრო მეტი მილიონი გაფლანგეს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები