17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
დანგრეული კოშკები, გზები, უდენოდ და უწყლოდ დარჩენილი უშგული - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

დანგრეული კოშკები, გზები, უდენოდ და უწყლოდ დარჩენილი უშგული - მოსახლეობა ტურისტულ სეზონს მძიმე მდგომარეობაში ხვდება. რამდენიმე დღის წინ კი სოფელ მუყმერში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი განადგურდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი, რომელიც წლების განმავლობაში რეაბილიტაციას მისი მძიმე მდგომარეობიდან გამო საჭიროებდა, რამდენიმე დღის წინ ჩამოინგრა.

მეათე საუკუნის ძეგლის გადარჩენას ადგილობრივები ყოველ წელს ითხოვდნენ, იმართებოდა აქციებიც, თუმცა ეს ისტორიული ნაგებობა სარეაბილიტაციო ძეგლთა საგანგებო სიაში ვერ მოხვდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი ამტკიცებდნენ, რომ უცხოელი ექსპერტები ძეგლის სანახავად ჩამონგრევამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მივიდნენ.

ჩამოშლილი კოშკის ტერიტორიაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო წელს გაწმენდით სამუშაოებს გეგმავენ, მომავალი წლიდან მისი სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყება, მაგრამ აღდგენას, დაახლოებით, 3 წელი დასჭირდება.

სვანეთში დანგრევის პირას მყოფი კოშკები ერთადერთი პრობლემა არ არის. მესტია-უშგულის ცენტრალური გზა ხელისუფლებას ჯერ კიდევ 3 წლის წინ უნდა გაეკეთებინა. 18-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ადგილობრივებს და ტურისტებს, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში უწევთ.

ტურისტებს ულამაზესი ბუნების გარდა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უშგულში საკმაოდ მძიმე პირობები ხვდებათ, როგორიცაა ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყლოდ და უშუქოდ დარჩენილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ხელისუფლებისგან მიტოვებულია.

 

ავტორები: ემა გოგოხია, მარიამ კოპალეიშვილი. 

დღის ამბები