17 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
"გაათავისუფლეთ ბეჟან ლორთქიფანიძე" - დაკავებულის ოჯახმა სააპელაციო სასამართლოს პეტიციით მიმართა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა სააპელაციო სასამართლოში 1800 ხელმომწერისგან შემდგარი პეტიცია შეიტანეს. ამით მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრებს. 

27 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბეჟან ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

National Geographic-ის მკვლევარისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მისი ახლობლები უსამართლოდ  მიიჩნევენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. ბეჟან ლორთქიფანიძეს მეგობრების ნაწილი თავდებშიც უდგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბეჟანის გამოსვლა ციხიდან, თუნდაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. არ არის არანაირი საფუძველი, ის ვერ გაანადგურებს ვერანაირ სამხილს, ვერ იმოქმედებს მოწმეებზე, ასე რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე ამჟამად იმყოფებოდეს წინასწარ პატიმრობაში“ - განაცხადა ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ, ეკა ჯაიანმა. 

განცხადება გააკეთა ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, რომელიც აცხადებს, რომ არ უნდა მოხდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.  

„საზოგადოების პროტესტი იყო და საზოგადოებრივი მუხტი იყო ის, რომ აპროტესტებს ეს ხალხი პრო რუსულ ნაბიჯებს ხელისუფლების მიერ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ საკითხში და ჩვენ ამით სასამართლო ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ საზოგადოება ფიქრობს ესე, რამდენად კეთილსინდისიერი არის ბეჟან ლორთქიფანიძე, მისი უმწიკვლო წარსულიდან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს მისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, დაპატიმრება“ - განაცხადა გიორგი გელხაურმა.  

შეგახსენებთ, რომ National Geographic-ის მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძე სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ლორთქიფანიძე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა.

 

 

დღის ამბები