ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ თავდაყირა დგება ყველა საქმე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიების მოტივი - ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
ბერძენიშვილის განცხადებით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მთავარი მოწმე საქმეში, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტი გაასამართლა, მისი თქმით, ახლა ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა ხედავს, რომ ეს ჩვენება ოლიგარქის დაკვეთა იყო.
"მან ღიად და საჯაროდ თქვა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, გაზაფხულზე, მან ისურვა ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, მიიღო დასტური, შეხვდა გენერალურ პროკურორ შოთაძეს, მისცა ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ ჩვენების საფუძველზე სააკაშვილი არის გასამართლებული.
თუ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ცრუ ჩვენების საფუძველზე მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის გამოყენებით ივანიშვილის ხელისუფლება ასამართლებს და ამ საქმეში შუამავლებიც გაიჩინა ოქრუაშვილმა, ამ ვითარებაში ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან შეშფოთდებოდა და შესაძლოა, არანაკლებ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო ეს ოქრუაშვილისადმი მისი ასეთი მკვეთრი დამოკიდებულების," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2014 წელს ის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დალაგებას შეეცადა და შუამავლად მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოიყენა.
ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილმა მას მალევე უპასუხა, რომ მაშინდელ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან მისულიყო და ჩვენებები მიეცა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, ის მართლაც მივიდა პროკურატურაში და რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ჩვენება მისცა. სწორედ ამ განცხადებას გულისხმობს დავით ბერძენიშვილი, როცა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად არის გამოყენებული.