17 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
მთავრობის გადადგომამ შესაძლოა, მოსალოდნელი პანიკა აგვაცილოს თავიდან - ოპოზიცია ლარის გაუფასურებაზე

ლარის რეკორდული გაუფასურება - ოპოზიცია მმართველ გუნდს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პრემია - დანამატებზე და გააუქმოს ის საბანკო რეგულაციები, რომელიც მოქალაქეებს აზარალებს. ასევე ის საუბრობს კორუფციასა და დოლარში აღებული კრედიტების ძველი კურსით გადაანგარიშებაზე

„გადასადგმელია ანტიკორუფციული ნაბიჯები, დღეს კორუფცია არის ყველა დონეზე. გამომდინარე იქიდან, რომ შექმნილია კრიზისული მდგომარეობა და ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც კრედიტი აღებული აქვს დოლარში. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ე.წ. ხელისუფლებამ ბანკებთან კონსულატაციები, რომ ამ ადამიანებთან წლის დასაწყისში არსებული კურსით მოხდეს კრედიტების გადაანგარიშება,“ -ამბობს მელიქიშვილი.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიუჯეტის უყაირათო ფლანგვას, სახელმწიფო ვალის დაგროვებას და ბიუროკრატიას აუცილებლად მოჰყვებოდა ეკონომიკაში პრობლემები. მისი თქმით, მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის დაკომპლექტება ქვეყანას მხოლოდ პანიკას ააცილებს თავიდან. 

"შეუძლებელია ამ ყველაფერს არ გამოეწვია ჩვენი ეკონომიკის ისე დასუსტება, რომ ლარი, პრაქტიკულად, ყოველდღიურად უფასურდება. მთავრობის გადადგომა და "ქართული ოცნების" მიერ ახალი მთავრობის დაკომპლექტება შეიძლება იყოს გამოსავალი იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან აგვაცილოს უბრალოს მოსალოდნელი პანიკა," - ამბობს ჭიაბერაშვილი. 

დღის ამბები