დაპირისპირება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან - აქციის მონაწილეებს, ბახვის პოლიციის უფროსი დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მამუკა ჯანანაშვილი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს აგინებდა და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, კარვებს არბევდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მამუკა ჯანანაშვილი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი დიასამიძე იხსენებს, რომ მამუკა ჯანანაშვილი, ანტისაოკუპაცი აქციის მონაწილეებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ უცენზურო სიტყვებს იყენებდა.
გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ბახვის პოლიციის უფროსი მას ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდა, როდესაც მან პირადი მობილურით ფაქტის გადაღება დააპირა.
„ბახვის პოლიციის უფროსი იდგა და აქციის მონაწილეზე, გომურის დედაო, შეიგინა დედის მისამართით და ვინც იქ იყო. მერე ცოტა მოშორებით გავიდა და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დედაო.. მე როცა ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და ფაქტის გადაღება დავაპირე, რომ უნდა შეეგინებინა ჩვენი მისამართით და შეურაცხყოფა მოეყენებინა, გამოიარა, ხელი მკრა ტელეფონზე და სახეში დამარტყა ხელი“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამუკა ჯანანაშვილს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ზუგდიდში, მერის არჩევნების დროს, კაბინეტიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით გაყვანის ინციდენტში, მამუკა ჯანანაშვილი მონაწილეობდა.
როგორც ცნობილია, მამუკა ჯანანაშვილი წარსულში ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.