„პირდაპირ გადმოვიდა აგრესიაზე და დაგვიწყო შეურაცხყოფის მოყენება“ - ეს განცხადება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ბახვის პოლიციის უფროსის შესახებ გააკეთა.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებს, ბახვის პოლიციის უფროსი დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მამუკა ჯანანაშვილი 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს აგინებდა.
დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ მამუკა ჯანანაშვილმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს დაშავებული 18 წლის მაკო გომური, რომელმაც ერთი თვალი დაკარგა.
„პირდაპირ გადმოვიდა აგრესიაზე და დაგვიწყო შეურაცხყოფის მოყენება, რომ რატომ ვიდექით იქ, თუ ვინმეს თვალები დათხარეს, დათხარეს იმიტომ რომ ისინი იყვნენ დამნაშავეები და აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. მე კითხვით მივუგე, რომ თუ ფიქრობდა, რომ მაკო გომური იყო სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე და თუ იყო ის დამნაშავე, რაზეც მაკო გომურს შეაგინა დედა და თქვა, რომ „დროზე წათრეულიყო სახლში და მას თვალები ექნებოდა“. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ აღვშფოთდით და ვუთხარით, რომ ის იქცეოდა სამარცხვინოდ“ - ამბობს დავით მჟავანაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ბახვის პოლიციის უფროსი, მამუკა ჯანანაშვილი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და ის ცდილობს, აქციის მონაწილეები პროვოკაციაზე წამოაგოს.
„ზოგადად, ეს პოლიციელი, მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. ის არის წარსულში ნასამართლევი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და განაწყენებული წინა ხელისუფლებაზე, რასაც აშკარად გამოხატავს, რაც არ ზის პოლიციის მენტალობაში, რადგან პოლიციელი უნდა იცავდეს წესრიგს, მაგრამ ეს მამუკა ჯანანაშვილი, რომელიც არის ბახვის პოლიციის უფროსი, სპეციალურად, ყოველდღიურად მოდის აქციაზე და ცდილობს მომიტინგეების პროვოცირებას, რომ შემდგ განხორციელდეს სამართლებრივი დევნა ჩვენი აქციის მონაწილეებზე“ - აცხადებს ბონდო თედორაძე.