ხელისუფლება ივანიშვილის მითითებებს ელოდება - ასე ეხმაურება რომან გოცირიძე ლარის კურსის რეკორდულ დაცემას და მთავრობის უმოქმედობას. ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ვერ იღებს, რადგან "ქართული ოცნების" გუნდში ივანიშვილის ნებართვის გარეშე ასეთი ქმედება დასჯადია.
„ხელისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს. მათ უკვე არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უნარი. შესაძლებელია, რომ ივანიშვილისგან ელოდებიან რაღაც სიგნალს. იმიტომ, რომ დღეს ვიცით რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი. ნებისმიერი გადაწყვეტილება არის დასჯადი. თუ ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება შედეგი, ამ შემთხვევაში ვიღაც შეშინებულია. ამიტომ დღეს ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება და ელოდებიან მისგან დავალებას მოახდინოს თუ არა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ან მთავრობამ მიიღოს რამე შესაბამისი ზომები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ, ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება, 2.9718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9507 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.