ლარმა საკუთარი ანტირეკორდი დღეს ისევ მოხსნა და ბოლო 24 საათში კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 97 თეთრზე მეტი ღირს, კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის შესაძენად 3 ლარიც აღარ არის საკმარისი.
დღის ბოლოს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ფულადი რეზერვების გახსნა გადაწყვიტა. ხვალიდან ფულად საკრედიტო სისტემისა და ქვეყნაში ინფლაციის მაჩვენებლის მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანო მზად არის 40 მილიონი დოლარი გამოიტანოს ბაზარზე. თუკი ეს ნაბიჯი ეროვნულ ვალუტას ვერ უშველის მაშინ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკასაც გაამკაცრებს. ეროვნული ბანკის ამ აღიარებისა და გადაწყვეტილების მიუხედავად მაია ცქიტიშვილმა და კახა კალაძემ ლარის გაუფასურებაში მთავარ დამნაშავეებად ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და "რუსთავი 2" გამოაცხადეს.
"ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის იმ სტატისტიკურ მონაცემებთან, რომელიც დღეს "თიბისი რისერჩმა" გამოაქვეყნა. კვლევაში მოცემული დიაგრამის მიხედვით ვხედავთ, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან მართლაც შემცირდა, თუმცა ბოლო 2 კვირაა ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ტურიზმის აღმავალი დინამიკა კი ზუსტად დროში ემთხვევა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას. მიმოხილვის ავტორები მიჩნევენ, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, წელი ტურიზმის 5 პროცენტიანი მატებით დასრულდება.
უპასუხისმგებლო და სისხლიანი ხელისუფლება, რომლსაც არც ერთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია და მუდმივად ოპონენტებს ესხმის თავს - ამ განცხადებით ოპოზიცია მაია ცქიტიშვილის ბრალდებების გამოეხმაურა და "ქართულ ოცნებას" 2008 წლის ომი და 2009 წლის რამდენიმე თვიანი აქციები შეახსენა, რომლის დროსაც ეროვნული ვალუტა არათუ გაუფასურდა, გამყარების ტენდენციაც კი ჰქონდა.