შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა. 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, ადამიანებს ვისაც სპეცრაზმმა თვალები დათხარა, გურიის პოლიციის მაღალჩინოსანმა დედა აგინა, ოპოზიციის ლიდერები კი სცემა.
ბახვის პოლიციის განყოფილების უფროსი ინციდენტის შემდეგ მიმალვაშია. მამუკა ჯანანაშვილი გურიიდან მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც გვიან ღამით ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს დაუპირისპირდა, სცემა და 20 ივნისის საპროტესტო აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებს აგინა.
აქციის მონაწილებს სურდათ გადაეღოთ, როგორ აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა. გადაღების მცდელობამ მამუკა ჯანანაშვილი გააღიზიანა, რის გამოც მშვიდობიან მოქალაქეებსა და ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა.
შეკვეთილში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანი მოქალაქეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ბახვის პოლიციის ხელმძღვანელი მამუკა ჯანანაშვილი წარსულში ნასამართლევია. მას ბრალი იარაღის უკანონოდ გამოყენებისთვის წაუყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დანიშნეს. მამუკა ჯანანაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის დევნაში. მათ შორის ძალის გამოყენებით, პირადად დაატოვებინა იძულებით საარჩევნო უბანი პარლამენტის დეპუტატს თინა ბოკუჩავას.
შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციები ისევ გრძელდება. „გააღვიძე ოლიგარქი“ - ამ ლოზუნგით აქტივისტები ყოველ ღამე ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან იკრიბებიან და მეგოფონების საშუალებით, გახარიას გადადგომას ითხოვენ, ხმაურის გამო ივანიშვილის ოჯახმა პოლიცია რამდენიმეჯერ გამოიძახა.
გუშინ ღამით კი სამართალდამცველებმა დინამიკის საიდანაც საპროტესტო მოწოდებები ისმოდა პოლიციის ყვითელი ლენტი შემოავლეს და აქციის მონაწილეებს მიახლოების უფლებას არ აძლევდნენ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე