„ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებულს ხდის - პირველი იანვრიდან, დიზელის ბაზრის მონოპოლისტი საქართველოში რუსეთი გახდება. ახალი რეგულაციებით, რომელიც ხუთ თვეში ამოქმედდება, ევრო 4 ტიპის საწავავის მოხმარება ქვეყანაში აიკრძალება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული დიზელი საქართველოში აღარ შემოვა და დეფიციტი რუსული პროდუქციით შეივსება.
საქართველოს ნავთობის ბაზრის 40 პროცენტს აზერბაიჯანი აკონტროლებს, 20 -% -ს რუსეთი. ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კი რუსეთი ბაზრის 60%-ს გააკონტროლებს და მონოპოლისტი გახდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორები საქართველოს მთვარობას ახალი რეგულაციების ერთი წლით გადავადებას სთხოვენ. ამ პერიოდში ახალი ევროპული ტიპის საწვავის წარმოებას აზერბაიჯანი დაიწყებს, რაც საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულს აღარ გახდის. ექსპერტების აზრით თუ ხელისუფლება იმპორტირების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
საქართველოს საწვავის ბაზარზე რუსეთი დღემდე ერთ ერთი მთავარი მოთამაშეა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელის დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებს ეკუთვნით. „ლუკოილი“ რუსული ბრენდია, რუსეთის სახელმწიფო კომპანია როსნეფტს ეკუთვნის კომპანია „პეტროკასი“, რომელიც „გალფის“ მფლობელია. ოპოზიცია ამბობს, რომ არსებულ რისკებს მთავრობამ ახალი არ უნდა დაუმატოს და ქვეყანა რუსულ საწვავზე დამოკიდებული არ უნდა გახადოს.