მცხეთაში, ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარი ინციდენტი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 35 წლის ქალმა, სახისა და თავის არეში მრავლობითი მოტეხილობები, ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიღო. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ახალგაზრდა ქალი, 18 დღის განმავლობაში კომაში იყო და მე-19-ე დღეს გარდაიცვალა.
13 ივლისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, 35 წლის მადონა სუთიძე „ჯეო-ჰოსპოტალსიში“ ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ, დრენაჟის ჩასადგმელად საკუთარი ფეხით მივიდა. მეუღლემ კლინიკის პალატაში დატოვა და პაციენტისთვის ინვენტარის შესაძენად წავიდა. კლინიკაში 5 საათზე დაბრუნდა, უთხრეს, რომ ქალი დაეცა და ცხვირი გაიტეხა, თუმცა ოჯახის წევრებს პაციენტის მონახულების უფლება არ მისცეს. ინციდენტის მეორე დღეს მეუღლემ მადონა სუთიძე უკვე რეანიმაციულ განყოფილებაში ნახა.
რა მოხდა 1-დან 5 საათამდე მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ერთ-ერთ პალატაში - ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს მადონა სუთიძის ოჯახი უშედეგოდ ითხოვს. კლინიკაში ოჯახის წევრებს რამდენიმე ვერსია უთხრეს.
პაციენტის სამედიცინო ისტორიაში წერია, რომ მადონა სუთიძე საწოლიდან წამოდგომის დროს წაიქცა და სახით იატაკზე დაეცა. კლინიკის დირექტორი ბაკა თავხელიძე სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობს, პაციენტის სიკვდილს კი უბედური შემთხვევით ხსნის.
მადონა სუთიძეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 2 თვის წინ ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა. ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარებოდა და ფატალური შედეგი მხოლოდ მიღებული ტრავმებმა გამოიწვია.
სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაძლო უყურადღებობისა და დაუდევრობის ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ.
35 წლის მადონა სუთიძე მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსში“ დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. 9 თვის, 2 და 4 წლის ბავშვების დედის ცხედარი ყაზბეგში გადაასვენეს.
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.