ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს და 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ყველა საკითხი გარკვეულია - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ გააკეთა.
საუბარია, ლორთქიფანიძის განცხადებაზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენების უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მისი თქმით, შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები. როგორც ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, აშშ-ს საელჩომ უკვე განმარტა, რომ მისი არცერთი წარმომადგენელი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილა. ჩუგოშვილი ეთანხმება, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსულ ნარატივს იმეორებს.
„ნარატივი,რომ რუსული ხაზია ამას ვიზიარებ. სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაფიო დამოკიდებულება. რა მცდელობებიც არ უნდა იყოს ლორთქიფანიძის თუ სხვა პირების მიერ ეს ვერანაირ დაბრკოლებებს ვერ შექმნის,“-აცხადებს ჩუგოშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პრიმაკოვის ფონდში შესაძლოა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა მისი თქმით, ამ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ასეთი ინფორმაცია შეიძლება არის პრიმაკოვის ფონდში, რომელსაც ხელმძღვანელობს დიმიტრი ლორთქიფანიძე და რასაკვირველია შეიძლება ამან გარკვეული აჟიოტაჟი და მხიარულებაც კი გამოიწვიოს ამ უბადრუკ პოზიციის გასაძლიერებლად, რაც გააჩნია ჩვენს ოპონენტებს ამასტან დაკავშირებით ინფორმაციას საფუძველი არ აქვს. ასე რომ სასაცილო კომენტარებს შეიძლება პასუხი არც გაეცეს,“-ამბობს ვოლსკი.