17 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი - ნიკა გვარამია დაკავებას არ გამორიცხავს

მე გამოვალ, მაგრამ ჩემი ჩამსმელი ისე ჩაჯდება, რომ დიდი ხანი ვერ გამოვა, ამის გარანტიას ვიძლევი - ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. "რუსთავი 2-ის" სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორის თქმით, მზად არის, გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყება ორი მიზეზით გააქტიურდა, პირველი არის ის, რომ მან ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა. გვარამია აცხადებს, რომ ტელევიზიას აუცილებლად შექმნის თუ დააპატიმრებენ, ეს უბრალოდ დროში გადაიწევს.

მეორე მიზეზი, რომელსაც გვარამია მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირებს, „რუსთავი2-ია". სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ გამოძიება ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

გვარამია ამბობს, რომ ამ საქმით კომპანიის ახალი მფლობელები შეძლებენ „რუსთავი2“ გაკოტრებულად გამოაცხადონ და ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე კომპანიაში რჩებიან გაათავისუფლონ.

„ეს ორ საკითხს უკავშირდება, რაც ხდება პირველი - პირადად ჩემს საკითხს, მე განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ ტელევიზიას ვაკეთებ და აუცილებლად გავაკეთებ "რუსთავი 2-ზე" ბევრად კარგ ტელევიზიას და ამ მთავრობისთვის ძალიან სერიოზულ კრიტიკულ პლატფორმას, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე საკითხია, რომ უბრალოდ "რუსთავი 2" ეშლებათ, ვერ არიგებენ ხელფასებს. კომპანია მიჰყავთ გაკოტრებისკენ და ეს მათ სურთ, სხვანაირად ვერ იშორებენ ჟურნალისტებს, რომლებიც დარჩნენ "რუსთავი 2-ის" და მართლაც გმირულად იბრძვიან, რასაც მივესალმები და განცვიფრებას და ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოვხატავ, ამ გმირული და ურთულესი წინააღმდეგობის  გამო, რასაც "კურიერი", "P.S." და საინფორმაციო სამსახური გადის, დღეს მტრულ გარემოცვაში. "რუსთავი 2-ს" რეალურად აკოტრებენ და სჭირდებათ მიზეზი ჩემში, რომ მე სადღაც ფული წავიღე და ამიტომ კოტრდება "რუსთავი 2".

აბსურდია, მე ფული არ მაქვს, წასაღები კი არა, მისატანი იყო "რუსთავი 2-ში" ფული, რომ კომპანიას ეარსება. კომპანია ყველა ვხედავდით, რომ არსებობდა. ეს არის ფეიკი საქმე, მოგონილი საქმე,  ვინმე ნიჟარაძის მიერ, რომელიც ორი დღით ადრე შევიდა პროკურატურაში. ეს ნიჟარაძის საქმე გამოგორდა რამდენიმე თვით ადრე და იყო სპეციფიკურად შექმნილი და უკვე როგორც ვხედავ, სპეციფიკურად შექმნილი იყო, „რუსთავი 2-ის" წართმევის შემდეგ ამ ტიპის გაგრძელებისთვის.  

რას მინდა დააკვირდეთ, ნიჟარაძის საქმე რომ გამოგორდა და მთავრობის მიერ შეიქმნა, მთავრობამ უკვე იცოდა, როგორ მთავრდებოდა "რუსთავი 2-ის" საქმე. ეს შეკითხვევები არის არა მხოლოდ მთავრობის მისამართით, არამედ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებით. რატომ და საიდან იცოდა სასამართლოსგან ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ და უტყუარად იცოდა იმიტომ, რომ ნიჟარაძის ფეიკ პლატფორმა, რაც გაგრძელება დასჭირდებოდათ და როგორ უნდა ექნათ, იცოდნენ. ეს კითხვები კი ნამდვილად გაჩნდა დღეს. შემიძლია ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, ფინანსები და კეთილსინდისიერება არის ის საკითხი, სადაც არასდროს არაფერი შემშლია, ძალიან ცუდი გზა აირჩია მთავრობამ ამას ისევ სახელმწიფო გადატრიალება ჯობდა“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები