17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა - „ინტერმედიას“ იურისტი განმარტებას აკეთებს

ორგანიზაცია „ინტერმედიას“ იურისტი "რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურის წარმომადგენლების შესვლის შესახებ საუბრობს. შოთა ჩავლეიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა კომპანიიდან ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაციის ამოღება მოითხოვეს.

იურისტი აცხადებს, რომ მათ გამომძიებლებს სრულყოფილი ინფორმაცია გადასცეს. შოთა ჩავლეიშვილი „ინტერმედიას“ საქმიანობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო საქმიანობას ეწევა. 

„ჩვენს ორგანიზაციაში მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც სასამართლო განჩინების საფუძველზე, მოითხოვეს ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაციის ამოღება. ამოღებული იქნა ეს დოკუმენტაცია ჩვენი არქივებიდან. საქმე ეხება "ინტერმედიას". აღნიშნული ორგანიზაცია ამ სახელით, ოღონდ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდით, სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა. ის ეწეოდა სარეკლამო საქმიანობას, ახდენდა სხვადასხვა ტელევიზიების სარეკლამო დროის რეალიზებას და შესაბამისად, აღნიშნული საქმე, რამდენადაც განჩინებაში გავეცანით, დაკავშირებულია "რუსთავი 2-თან" კავშირში მყოფ გარკვეულ სისხლის სამართლის საქმესთან. ეს დოკუმენტაცია არის დაკავშირებული სარეკლამო ურთიერთობებთან, რომელიც მიმდინარეობდა დამკვეთებთან, სხვადასხვა ტელეარხთან, ასევე ფინანსურ დოკუმენტაციასთან, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან, გადარიცხვების დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტები ა.შ.“ - განაცხადა „ინტერმედიას“ იურისტმა, შოთა ჩავლეიშვილმა.

"ინტერმედია" "რუსთავი 2-ის" გაყიდვებს და სარეკლამო განთავსებებს უზრუნველყოფს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ასევე "ფორმულა კრეატივის" მფლობელები არიან, სწორედ მათ დღეს თქვეს, რომ ისინიც ახალი ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი არხის შექმნას ცდილობენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი მათ ოფისში პროკურორები მივიდნენ. 

დღის ამბები