„რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის საქმე - პოლიტიკური სპექტაკლის რეჟისორად და ნიკა გვარამიას დევნის მთავარ ავტორად ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. პოლიტიკური ლიდერების მტკიცებით, სწორედ ივანიშვილის ბრძანებით შევიდა დღეს „რუსთავი 2-ის" კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა და დაიბარეს დაკითხვაზე ნიკა გვარამია.
საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გვარამიას საქმე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირადი შურისძიების ნათელი მაგალითია.
მმართველი ძალა დღეს იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ გვარამიას საქმე რიგითი საქმეა და პროკურატურა არა ივანიშვილის ხელში პოლიტიკურად მოტივირებული იარაღი, არამედ რიგითი სამართლებრივი პროცესია.
აღმოჩნდება თუ არა ნიკა გვარამია ბრალდებულის სკამზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არც ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული „ქართული ოცნება“ ახლა მის ხელში არსებულ ერთადერთ იარაღს, პროკურატურას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.
ბიძინა ივანიშვილის პირად ანგარიშსწორებად მიიჩნევს გვარამიას პროკურატურაში დაბარებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც. პოლიტიკური პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ახალი ტელევიზიის შექმნა, რომელსაც გვარამია აანონსებს, ივანიშვილის ინტერესებთან მკვეთრ წინააღმდეგობაშია.