უკრაინის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელიც ინტერპოლის ხაზით 8 წლის განმავლობაში იძებნებოდა. 35 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ოდესაში აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.
უწყების ვებგვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე თბილისში 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედებოდა, რისთვისაც თბილისის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გასამართლებული პირი ინტერპოლის ხაზით 2011 წლიდან იძებნებოდა. უკრაინის პოლიციამ მის კვალს ოდესაშია მიაკვლია, სადაც ის ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. ოდესის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 40 დღით წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
ფოტო - უკრაინის ნაციონალური პოლიცია.