პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. "კურიერის" ინფორმაციით უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.
ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.
გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
მათ ეჭვი აქვთ, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები. მათ უკვე დასკვნაც მოამზადეს, სადაც საუბარია ეჭვებზე.
გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს უკრაინულ კომპანია „ალტკომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 47 მილიონი გადაუხადა, თუმცა „ალტკომმა“ ვალდებულებები არ შეასრულა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ ის მხარს მხოლოდ სიმართლის გარკვევას დაუჭერს მხარს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც კორუფციას უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე მოხდეს მისი ან დადასტურება, ან უარყოფა. ეს მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. მაგრამ, თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, აქ პასუხი ერთადერთია, რომ ძალიან მალე უნდა იქნას ეს გამოძიებული. სამწუხაროდ... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ტრაფარეტული აღარ იყოს ეს გამონათქვამი“ - აცხადებს რომან კაკულია.