დააკავებენ ამ მაღალჩინოსნებს თუ არ დააკავებენ, ეს ვერ ჩაითვლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად - ასე ეხმაურება ლევან თარხნიშვილი პროკურატურის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების, დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძის და დავით შავლიაშვილის მიმართ გამოძიების განახლებას.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კორუფცია ყოველთვის იყო. მისი თქმით, მმართველი გუნდის პირობებში, კორუფციას მხოლოდ მაშინ ექცევა ყურადღება, თუკი ხდება პოლიტიკური ან რაიმე ნიშნით შეუთავსებლობა ამა თუ იმ პიროვნებასთან.
„კორუფცია ახლაც არის, იყო და ზოგადად ქართული ოცნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, უნიათობასთან და არაკომპეტენტურობასთან ერთად. მაგრამ, კორუფციას ექცევა ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხდება ან პოლიტიკური ან სხვა ნიშნით შეუთავსებლობა. გავიხსენოთ ღარიბაშვილის ამბავი, როდესაც კახური კლანის კორუმპირებულობა გაახსენდათ, როდესაც იყო დაპირისპირება ღარიბაშვილთან. შემდეგ ღარიბაშვილი შემოირიგეს და ეს ქეისი ყველას დაავიწყდა. სისტემაში, სადაც ყველაფერი დაკიდებულია ნაძვის ხესავით ერთ ადამიანზე და ერთ პიროვნებაზე და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი, პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული საქმეა. მაგრამ, ყველა ვარიანტში, დააკავებენ ამ მაღალჩინოსნებს თუ არ დააკავებენ, ეს ვერ ჩაითვლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად, იმიტომ რომ ეს ჩინოსნები გამოყოფილი არიან პოლიტიკური ნიშნით“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილზე და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრებზე დავით შავლიაშვილსა და ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა. ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სწორედ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და სპეციალური დასკვნაც მოამზადეს. დასკვნაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ავტობანის მშენებლობის პროექტზე, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს ან მიითვისეს თანხები.
გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს უკრაინულ კომპანია „ალტკომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 47 მილიონი გადაუხადა, თუმცა „ალტკომმა“ ვალდებულებები არ შეასრულა.