დაუსრულებელი ნაგებობები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ფოთის მალთაყვის სანაპიროს მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 6 მილიონ 200 ათასი დაიხარჯა, თუმცა თითქმის არაფერი გაკეთებულა.
ადგილობრივებს არც აქვთ იმედი, რომ მდგომარეობა შეიცვლება, რადგან სამუშაოები აღარ გრძელდება და სანაპირო მიტოვებულია. ფოთის მცხოვრებლები და სტუმრები ამბობენ, რომ სანაპირო მინიმალურ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს და ფული არამიზნობრივად არის დახარჯული.
"აი-ფაქტის“ რეპორტიორს, ელისო ჯანაშიას ეჭვი არ ეპარება, რომ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა გაფლანგულია. კორუფციის ნიშნები ამ საქმეში აუდიტის სახელმწიფო სამსახურმაც დაინახა. დასკვნაში წერია, რომ ფოთის მერიის მაღალჩინოსნებმა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში 4 მილიონზე მეტი გადაიხადეს და კომპანიას ვალდებულებების შესრულებაც არ მოსთხოვეს.
სანაპიროს რეაბილიტაციისთვის პირველი ტენდერი ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას დროს გამოცხადდა. აზერბაიჯანულმა კომპანია შპს ”პირამიდამ” პროექტში ცვლილებები 10-ჯერ შეიტანა, დასრულების ვადა ერთი წლით გადააცილა, რა დროსაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა, თუმცა კომპანიას ის არ აღუდგენია. მეორედ გამოცხადებული ტენდერში უკვე სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა.
ოპოზიცია კი ხელისუფლების კორუფციულ სქემაზე ლაპარაკობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვების საშულებას ხელისუფლება მხოლოდ მისთვის სასურველ კომპანიებს აძლევს, რომლებიც სამუშაოებს არ ასრულებენ.
პროექტის მიხედვით, მალთაყვის სანაპიროზე კომფორტული შენობები, თანამედროვე სტანდარტების პლაჟი და პალმები უნდა მოწყობილიყო, თუმცა მსგავსი რამ აღარც იგეგმება, რადგან პროექტი შეჩერებულია.
შოთა ფალავანდიშვილი