17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
„გაერთიანებულ ოპოზიციას ამისთვისაც აქვს კონტრმექანიზმები მოფიქრებული" - ოპოზიცია "ოცნების" საარჩევნო ცვლილებაზე საუბრობს

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული რეგულაციების შემოღების ინიციატივით გამოდის, რაც, ოპოზიციის შეფასებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვაა. პარტიებს ასევე ეკრძალებათ ბლოკების შექმნა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი აკეთებს ყველაფერს, რათა ოპოზიციამ ვერ შეძლოს გაერთიანება.

"ეს კანონპროექტი არის ბიძინა ივანიშვილის შიშებზე მორგებული კანონპროექტი. მისი მთავარი შიში არის ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ირგვლივ შეიქმნება მიზიდულობის ცენტრი სწორედ, ამიტომ გადაწყვიტა,რომ არ მოხდეს პოლიტიკური ბლოკების შექმნა წინასაარჩევნოდ.

თუმცა რა კონფიგურაციითაც არ უნდა მიიღონ აღნიშნული კანონპროექტი, ივანიშვილს აღარ აქვს იმის პოლიტიკური  რესურსი, რომ მოახდინოს მთავრობის ფორმირება 2020 წლის არჩევნების შემდეგ დატოვებს თუ არ დატოვებს ბლოკებს, დატოვებს ე.წ. 0% ბარიერს თუ დათანხმდება ჩვენ მიერ შეთავაზებულ 3% ბარიერზე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არსებობს მექანიზმი, რომელსაც ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ რეგულაციებს დაუპირისპირებს. ვაშაძე გეგმებზე წინასწარ არ საუბრობს, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცვლილებებს ოპოზიციის გეგმების ჩასაშლელად გეგმავს. 

„გაერთიანებულ ოპოზიციას ამისთვისაც აქვს კონტრმექანიზმები მოფიქრებული. ახლა ჩვენს ყველა გეგმას ვერ გეუბნებით, რადგან რასაც ვამბობთ, იმის მიხედვით აწყობენ საკანონმდებლო ცვლილებებს, ახლა მე რომ გითხრათ, რას ვაპირებ და როგორ გავაკეთებთ ამ ყველაფერს, მერე კანონში შეიტანენ დამატებით ცვლილებებს, როგორ არ გამოვიდეს ის, რასაც ვაკეთებთ. ეს არის მათი მიზანი, გამოსავალი არსებობს, მაგრამ ვერ გეტყვით,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები