ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი სისტემით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ჟანდარმის ფუნქცია ეძლევა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გააკონტროლოს, შეესაბამება თუ არა პოლიტიკური პარტიების რეკლამების შინაარსი კანონით დადგენილ შეზღუდვებს.
„რეალური მოტივები კიდევ უფრო მძიმე არის, განსაკუთრებით სიტყვის და გამოხატვის ნაწილში. როდესაც კანონპროექტით შემოთავაზებულია ინიციატივა, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, პრაქტიკულად, ჟანდარმის ფუნქცია ეძლევა, რომ განსაზღვროს რამდენად შეესაბამება, პოლიტიკური პარტიების რეკლამები კანონმდებლობის მოთხოვნებს.
პრაქტიკულად, ოპოზიციას არ ექნება შესაძლებლობა, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, რაც იმავდროულად პოლიტიკური პარტიების შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს, " -აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ის რასაც საარჩევნო კოდექსის ცვლილებები დაერქვა, არის ცენზურა და რიგ შემთხვევაში არსებული კანონის სხვა სიტყვებით გადაწერა.
„რომ დაიწყო დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკა, თურმე ამის უფლება არ გაქვს 25% მეტი, პირდაპირ იქნება ცენზურა, რადგან მარეგულირებელს მოუწევს ამ როლის შესრულება, რაც შეეხება კომისიის წევრების დაკომპლექტებას, აქ არაფერი გაუმჯობესებული არ არის, იმისთვის, რომ ოდირს აჩვენონ, რომ რაღაც შეცვალეს, რეალურად იგივე სისტემა არის დატოვებული სხვა სიტყვებით," - ამბობს ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი.
საკუთარი შენიშვნები აქვს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელს. ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისია სამ თვეზე მეტხანს ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.
„უნდა იყოს დროებითი საარჩევნო კომისია, სამ თვეზე მეტი არ არის საჭირო ქვეყანაში. ამასთანავე, ყველა პარტია მმართველია თუ არ არის მმართველი, არჩევნებზე უნდა ჰქონდეს თანაბარი წარმომადგენლობა, პრინციპული მნიშვნელობის არის, რომ იყოს საყოველთაოდ სავალდებულო არჩევნებში მონაწილეობა,“ - ამბობს ჩხარტიშვილი.
"გირჩში" კი ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ.
„მე მომწონს, მხარს ვუჭერ ამ სისტემას და ვამბობ, რომ თუ 2020 წელს კარგია, 2024-ში რატომ არ არის კარგი? ამას ვეკითხები ყველა პოლიტიკურ პარტიას და პასუხს ვერ მეუბნებიან. ასევე, რას ვერჩით ახალგაზრდა ადამიანებს, რატომ არ ვაძლევთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას 18 წლამდე, როცა ამ ასაკამდე იარაღის ტარებას და ჯარში მსახურებას ვაძალებთ,“ - ამბობს ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის”ლიდერი, იაგო ხვიჩია.