ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კონკურენციის სააგენტომ კომპანიები კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ხადურის უწყება ბიზნესმენების იმ განცხადებებმა გააღიზიანა, რომლითაც ლარის უპრეცედენტო ვარდნის ფონზე, იმპორტიორები ფასების შესაძლო მატებაზე ალაპარაკდნენ.
ცნობილია, რომ კონკურენციის სააგენტო გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამდა, რომ ბიზნესმენების განცხადებები პროდუქციაზე ფასების მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეულწილად, შეიცავდეს კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის რისკებს.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ამ დროისთვის საკითხი ამოწურულია და კონკურენციის სააგენტო ამ თემასთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყებას არ აპირებს.
„თუ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მხრიდან იწვევს კითხვის ნიშნებს კანონთან მიმართებაში, ეს არ არის აუცილებელი, რომ საჯარო განცხადების ფორმით იქნეს გამოხატული, შესაძლებელია, უშუალოდ შეკრება სხვადასხვა ბიზნესასოციაციის ფორმატში და უბრალოდ იქ არსებული განმარტებების მიღება, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ მომავალში თუ იქნება მსგავსი ტიპის საკითხები, აღნიშნული ფორმატით გავაგრძელოთ თანამშრომლობა,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესმენები აცხადებენ, რომ განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში კეთდება, იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რომელშიც დღეს ქვეყანაა. კონკრეტულად საუბარია ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებაზე. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენები საკუთარ წუხილს გამოთქვამდნენ, რომ შესაძლოამ სექტემბრიდან პროდუქცია გაძვირებულიყო.
„ფასების ზრდა მოსალოდნელია, ბუნებრივია ყოველთვის, როდესაც ლარის კურსი უფასურდება სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ამას არ სჭირდება ექსპერტობა, ეს არის ორჯერ-ორი ოთხი. ის, რომ ლარი უფასურდება და იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია, ეს ძალიან ბუნებრივია. შეიძლება არსებობდეს რაღაც დამატებითი საფუძველი კითხვის ნიშნების დასასმელად? კი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ამაზე პასუხებიც არსებობს,“ - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი.
განცხადება გააკეთა კომპანია „აგრიკომოს“ დირექტორმა, ქეთი კუბლაშვილმა, რომელმაც კონკრეტულად ხორბლის პროდუქციაზე ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები განმარტა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსის ცვალებადობა, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია თავად ხორბალზე ფასის მატება. იცით, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც 100%-ით უზრუნველყოფს მის თავს ხორბლით, ამიტომ ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებულები. ჩვენ დავასახელებთ მიზეზებს, რატომაც გაიზარდა ხორბლის ფასი, ფქვილის ფასი, რატომ არის ეს მუდმივი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მოხდება ამის მართვა. რა თქმა უნდა, დღეს რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში, ქვეყანა უნდა დასტაბილურდეს, უნდა გვქონდეს მარაგები, უნდა ვიყოთ ჩვენს საკუთარ ძალისხმევაზე დაყრდნობილები და არ უნდა ველოდებოდეთ მწარმოებელ ქვეყანაში, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ფერმერი,“ - აცხადებს ქეთი კუბლაშვილი.