17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ივანიშვილმა ზღვა შეკვეთილში რეზიდენციამდე მიიყვანა

ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში საკუთარი რეზიდენციის წინ პლაჟის დადაბლება დაიწყო იმ მიზნით, რომ შავი ზღვა პირდაპირ მის ჭიშკრამდე მივიდეს.

საუბარია იმ ადგილზე, სადაც 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ გურიაში ივანიშვილების რეზიდენციასთან აქცია ”გააღვიძე ოლიგარქი” იმართება. იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ გაქრა და ყოველ ღამე ივანიშვილს მეგაფონების საშუალებით ისევ ესმის ხალხის ხმა, "ქართული ოცნების" ლიდერმა მძიმე ტექნიკის დახმარებით სანაპირო ზოლი მოშალა.

მძიმე ტექნიკამ სანაპირო მოთხრა, ზღვა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მიიყვანა და ადგილი, სადაც აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, ახლა წყლით დაიფარა.

მილიარდერმა გზის ყიდვაც გადაწყვიტა. იუსტიციის სამინისტრომ სულ რამდენიმე წუთში სახელწიფო გზას, რომლითაც ყველა სარგებლობს, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად გამოაცხადა. ოპოზიციიის თქმით, ტერიტორია უკვე გასაყიდადაც მზადაა.

ზღვის გადმოტანით და გზის ყიდვით "ქართული ოცნების" ლიდერი აქციის მონაწილეებს სახლთან მიახლოვების შესაძლებლობას მოუსპობს. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი ისევ გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღეს.

ავტორები: ლადო მენაბდე, ემა გოგოხია. 

დღის ამბები