რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. აქციის ორგანიზატორებთან უცნობი პირი მივიდა და გადაცემის მსვლელობის დროს კითხვის დასმა მოინდომა. ორგანიზატორებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ მას ტერიტორია დაატოვებინა.
„ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელიც გაგვეცნო, როგორც დოქტორანტი, რომელიც ახლა საზღვარგარეთ იღებს განათლებას. საეჭვო ფაქტი იყო ის, რომ „პოსტ ტვ-ის" კამერა, რომელიც არ გამოჩენილა ბოლო 20 დღეა, ჩვენს აქციებზე, დღეს ზუსტად იმ დროს მოვიდა, როდესაც ეს ახალგაზრდა ადამიანი მოვიდა კითხვის დასასმელად. უბრალოდ უცნაურია თუ რატომ შეიძლება სჭირდებოდეს ხელისუფლებისგან მართულ პატარ-პატარა რგოლებს ჩვენი აქციის დისკრედიტაცია,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.
საპროტესტო აქცია "სირცხვილია" რუსთაველზე უკვე 47-ე დღეა, მიმდინარეობს. დღეს გადაცემაში მოწვეული სტუმრები ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი არიან. უცვლელი რჩება აქციის მთავარი მოთხოვნა - შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.
„ეს არის თავისუფლების პატარა კუნძული, ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანები უფრთხილდებიან ამას და ყოველ დღე გვეუბნებიან, რომ თავისუფლება არ მოკვდება არასოდეს,“ - აღნიშნა თომა ჩაგელიშვილმა.