"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" "რუსთავი2"-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. საიას ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა იმ გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი იყოს, რასაც არხის სარედაქციო პოლიტიკა შეეწირება.
სულხან სალაძის აცხადებს, რომ "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ არხის მფლობელებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დროულად იქნას დასრულებული.
„ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლოა ამან გავლენა მათ შორის მოახდინოს სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაზე უფრო დიდ პერსპექტივაში და არა შეიძლება დღეს, ან ხვალ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს ვაკვირდებით აქტიურად, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტების ნაწილთან, სხვა და სხვა ტიპის საკითხებზე გვქონდა მსჯელობა საია-ს წარმომადგენლებს. გუშინ ასევე გავრცელდა მედია კოალიციის განცხადება, რომელიც მოუწოდებს პროკურატურას, რომ დროულად დასრულდეს გამოძიება რუსთავი2-ის საქმეზე, რადგანაც თუ სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს ხელისუფლება, არ შეიძლება სამართლიანობის აღდგენა იყოს ნაწილობრივ და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მათ შორის აქიმიძის და დვალის ნაწილში. მათი მხრიდან ტელევიზიის გადაფორმება ეს იყო ბიზნეს გარიგება, თუ ეს იყო იძულება მათ მიმართ, რომ მათ ეს ტელევიზია დაეთმოთ,“- განაცხადა სალაძემ.
რუსთავი2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილმა კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.