17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ამ ეტაპზე საგარეო შოკის ფაქტორი მინიმიზირებულია - სოსო ფხაკაძე ლარის კურსზე საუბრობს

სავალუტო ბაზარზე ისევ პანიკაა. ლარი კვლავ გაუფასურდა. ბიზნესი შველას ითხოვს, ქვეყნის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება და თითოეული მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს გაძვირებული ცხოვრების სიმძიმეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ცუდი, ნეგატიური მოლოდინები შეიქმნა ქვეყანაში და ეს ნეგატიური მოლოდინები გადადის შიდა სავალუტო ბაზარზე, გადადის ეკონომიკურ სუბიექტებში, რომლებიც ქმნიან საბოლოო ჯამში ლარის კურსს. ამ ეტაპზე საგარეო შოკის ფაქტორი მინიმიზირებულია. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სავალუტო კურსის ფორმირებაზე, სავალუტო კურსზე პასუხისმგებელია საქართველოს ეროვნული ბანკი. ფენომენალური გამონაკლისი ხომ არ არის ჩვენი ქვეყანა? ყველა ქვეყანაში სავალუტო კურსზე პასუხისმგებელია ცენტრალური ბანკი. მივესალმებით ეროვნული ბანკის წინა კვირაში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს და ასეთ დროს, სწორედ უნდა ჩაერიოს ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე,“ - განაცხადა ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, ”ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ.

ლარი დღეს დოლართან მიმართებაში 4 თეთრი, ევროსთან მიმართებაში კი ხუთი თეთრით გაუფასურდა. კომერციულ ბანკში ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 99 თეთრია საჭირო. სავალუტო რეზერვების გაყიდვის მიუხედავად, ლარი კურსის შენარჩუნება ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ეროვნული ვალუტა ისევ სამ ნიშნულიან ზღვარზეა. 

 

დღის ამბები