17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
გახარიას უწყება სკანდალში ეხვევა - შსს-მ 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილის დასაკავებლად ვიდეო დაამონტაჟა

გახარიას უწყება კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ შსს-მ მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინა. ამავე უწყებიდან გამოთხოვილი უწყვეტი კადრებიდან დასტურდება, რომ დაპირისპირების პროვოცირება აქციის დასაშლელად მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მოახდინა.

რამდენიმე საათიან ვიდეომასალაში სულ ორი ეპიზოდია, სადაც National Geographic-ის მკვლევარი ფიგურირებს. პირველ შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ პარლამენტის შიდა ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით მიდის სამოქალაქო ფორმაში მყოფი ადამიანთა ჯგუფი. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ამოფარებულები არიან და, ეტაპობრივად, მშვიდობიან მოქალაქეებს პოლიციიის კორდონში იძულებით ითრევენ. სწორედ ამას მოჰყვა ბეჟან ლორთქიფანიძის რეაქცია, რომელიც ადამიანის დახმარებას ცდილობდა.

მეორე ეპიზოდშიც კარგად ჩანს, რომ ლორთქიფანიძე პარლამენტის წინ გაუნძრევლად დგას და არანაირ დანაშაულს არ ჩადის. ამ დროს კი ერთ-ერთი სპეცრაზმელი ახლო მანძილიდან ისვრის ქალის მიმართულებით, რომელსაც ფარი აქვს აფარებული. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფარი გატეხა, ქალბატონის ახლობელმა კი პოლიციელებს დაუნდობლობის გამო უსაყვედურა. ამის შემდეგ სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა ეს მამაკაციც კორდონში შეათრიეს და ბეჟან ლორთქიფანიძე ამ შემთხვევაშიც მის დახსნას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ვიდეოჩანაწერის ამოჭრილი და დამონტაჟებული ვერსია გაავრცელა, რომლითაც ამტკიცებს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა. ლორთქიფანიძე ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია.

დღის ამბები