17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"ბავშვს კლავდნენ" - შშმ მოზარდის ოჯახი პოლიციის თანამშრომლებს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის დედა სამტრედიის პოლიციას უჩივის. დონარა ცხვარაძე ამბობს, რომ მისი 12 წლის შვილი, რომელიც წლებია, ფსიქიური პრობლემების გამო აღრიცხვაზეა, სამართალდამცავებმა ჯერ მოიტაცეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დონარა ცხვარაძე ამტკიცებს, რომ მამა-შვილს შორის სიტყვიერი უთანხმოება მოხდა, ბავშვს მამის შეშინება უნდოდა და საინფორმაციო ცენტრში მშობლის მხრიდან ძალადობაზე განაცხადი გააკეთა.

„დაამძიმეს ბავშვის მდგომარეობა, ფსიქიკური მდგომაროება შეარყიეს,“ - აცხადებს მოზარდის დედა.

შეტყობინება მალევე გააუქმა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ რეაგირება მაინც მოახდინა.  დონარა ცხვარაძე იმ დროს შვილთან ერთად არ იმყოფებოდა. ის სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. 12 წლის მოზარდი თბილისის ინკლუზიური სკოლიდან სოფელში არდადეგებზე მამას ჰყავდა წაყვანილი. ვახტანგ ჩაჩუა ამბობს, რომ პოლიციის მიერ მისი შვილის წაყვანა შემთხვევით გაიგო. მოგვიანებით კი განყოფილებაში ისიც მოტყუებით წაიყვანეს და გაუქმებული შეტყობინების მიუხედავად, ბავშვზე ძალადობისთვის დააკავეს. ჩაჩუას ინფორმაციით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, შვილის ნახვის უფლება არ მისცეს.

ვახტანგ ჩაჩუას ინფორმაციით, მას მხოლოდ დაკავების შემდეგ გააგებინეს, რომ მისი 12 წლის შვილი პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მშობლები ამბობენ, რომ სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდს სწორედ საავადმყოფოში სცემეს. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ბავშვის დედამ მოიპოვა. დონარა ცხვარაძის ცნობით, სამტრედიის საავადმყოფოში შეყვანისას მოზარდს დაზიანებები არ ჰქონდა, იქიდან თბილისის კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ კი 12 წლის ბიჭს ერთდროულად რამდენიმე სპეციალიზაციის ექიმის დახმარება დასჭირდა.

„ჯეო ჰოსპიტალში მკვდარ-ცოცხალი შეიყვანეს, შეიყვანეს ნაცემი, გაშავებული, ორი დოზა „დიაზეპამით“ გაკეთებული, ბავშვს კლავდნენ ფიზიკურად, მეც მკლავდნენ პოლიციაში, რომ დამამწყვიდეს,“ - ამბობს ბავშვის მამა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის დედამ პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა. ის ყველა იმ სამართალდამცველის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, ვინც მისი შვილის და მისი მეუღლის საქმეში ფიგურირებენ. ჩამონათვალშია სამტრედიის პოლიციის უფროსის მოადგილე, ლევან მიგინეიშვილი, რომელსაც დაკავებულის მიმართ არასათანადო მოპყრობაში წარსულშიც ადანაშაულებდნენ. ლევან მიგინეიშვილის გარდა, ჩაჩუების სიაში სამტრედიის პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებიც არიან.

დონარა ცხვარაძე ამბობს, რომ პროკურატურაში განაცხადის გაკეთების შემდეგ პოლიციელები მათზე ზეწოლას ახორციელებენ, მიდიან და საჩივრის გამოტანას სთხოვენ. 

პოლიციის გარდა, მოზარდის მშობლებს პრეტენზია სამტრედიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებთანაც აქვთ. ოჯახის ინფორმაციით, სოცმუშაკებმა ამ შემთხვევამდე გაცილებით ადრე იცოდნენ 12 წლის მოზარდის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, თუმცა მამას ბავშვის თბილისში ჩამოყვანაში არ დაეხმარნენ. 

ბრალდებებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლები უარყოფენ. ისინი არც პოლიციის მიერ მოზარდის ცემას ადასტურებენ და ამტკიცებენ, რომ სამტრედიის საავადმყოფოში ბავშვმა თვითდაზიანებები მიიყენა.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები