ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ოჯახზე რეპრესიები სახელმწიფომ ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობის გამო დაიწყო. სამართლის ლექტორის, გიორგი მუმლაძის ძმა მანუჩარ მუმლაძე უკვე 12 წელია, მარნეულში, წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტზე მუშაობს, თუმცა 2 დღეა, რაც ოჯახმა შეიტყო, რომ მანუჩარი სასაზღვრო პუნქტიდან გაათავისუფლეს და 500 კილომეტრის მოშორებით სვანეთში, სოფელ ბეჩოს სასაზღვრო პუნქტზე გადაიყვანეს. გადანიშვნის შესახებ, ოჯახის ინფორმაციით, არც მესაზღვრემ და არც მისმა უშუალო ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კეკელიძე აწერს, სამსახურებრივი როტაციის მიზეზები განმარტებული არაა. მუმლაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ რეპრესიები ილიას უნივერსიტეტის ლექტორზე მისი აქტიურობის გამო დაიწყო. გავრილოვის ღამეს დაჭრილ პროფესორს 20 ივნისის შემდეგ არც ერთი ანტისაოკუპაციო აქცია არ გამოუტოვებია, მისი გადაღებულია ცნობილი კადრები, სადაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და აგენტპროვოკატორები ჩანან.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მარნეულიდან სვანეთში მესაზღვრის გაუფრთხილებლად გადაყვანით შს სამინისტრომ შრომის კოდექსი დაარღვია. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, დასაქმებულის სამუშაო ადგილი კანონით რეგულირდება და მისი 500 კილომეტრით შეცვლა დაუშვებელია თუ ეს დასაქმებულთან შეთანხმებული არ არის. კუპრაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და მესაზღვრეს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ ანტისაოკუპაციო გამოსვლების ორგანიზატორები. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ინსტიტუტები ახალგაზრდებზე ზეწოლის მოხდენას მათი ოჯახის წევრების მეშვეობით ცდილობენ.
მანუჩარ მუმლაძე მარნეულიდან სვანეთში საზღვრის დასაცავად სიარულს, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს და 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახურიდან წამოსვლა მოუწევს, თუმცა სამართლებრივი დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.