სტენსილი გორში - აგვისტოს ომიდან 11 წლის თავთან დაკავშირებით ჭავჭავაძის ქუჩაზე სპეციალური კედელი გაიხსნება. კედელზე პაპა და შვილიშვილი მავთულხლართებთან არიან გამოსახული. გოგონას ხელში მაკრატელი უჭირავს, რაც კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების სიმბოლოდ აღიქმება. სიმბოლურია კედელიც, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის 47 ნომერში მდებარეობს. მასზე აგვისტოს ომის დროინდელი ნატყვიარია შემორჩენილი.
„ნახატი , რაც ხატია, სიმბოლურია. არის ორი ფიგურა, ბაბუა და შვილიშვილი, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართებით აწყობილ ხაზთან და ვაშლის ხე არის, რომელიც ალბათ გორთანაც ასოცირდება და ისედაც... ისედაც თემა არის, რომ საზღვარზე ამოსული ხიდან ნაყოფი ცვივა მეორე მხარეს. ეს ალბათ, მთლიან სიტუაციას რაც დღეს ხდება ასახავს და რაღაც პატარა მუხტიც დევს იმედის, რომ ბავშვს უჭირავს ხელში რკინის საჭრელი მაკრატელი, რომლითაც დიდი ალბათობით ცდილობს, რომ საზღვარი გადაჭრას,“- განაცხადა სტენსილის ავტორმა.
კედლის გახსნა "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინიციატივით ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ისინი მოქალაქეებისთვის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ შეხსენებას სხვა და სხვა მეთოდებით შეეცდებიან.
„ჩვენ ყველანაირ მეთოდებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას არ დაავიწყდეს, რომ ჩვენ გვქონდა ომი რუსეთთან. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომ ამ ტრაგედიის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, ძალიან ბევრი ჯარისკაციც და ასევე, ბევრი დარჩა სახლ-კარის გარეშე. ეს არის ის ტრაგედია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ, იმიტომ, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა და რუსეთი კვლავაც ცდილობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
კამპანია „ძალა ერთობაშია“-ს ფარგლებში გორის საინფორმაციო ცენტრში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრაც გაიმართა.