ვოლსკი კრემლის აგენტია და ის იცავს რუსეთის პოზიციას - "ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ უფრო ვრცლად დაზვერვის რიგითი აგენტი არ იმსახურებს მსჯელობას.
ასე გამოეხმაურა, შალვა ნათელაშვილი გიორგი ვოლსკის 9 პუნქტიან საბრალდებო დასკვნას.
"ბატონი ვოლსკი რჩება რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრად. ამიტომ ის აცხადებს და წერს იმას, რასაც ავალებს ხელმძღვანელობა მოსკოვიდან. შესაბამისად, მე შემიძლია შევაფასო, როგორც კრემლის პოზიციის გამაგრება და თანადგომა. უფრო ვრცლად დაზვერვის რიგითი აგენტი არ იმსახურებს მსჯელობას,“-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ 9 პუნქტიანი საბრალდებო დასკვნა და რუსული პროპაგანდის ქართული თარგმანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რუსეთ საქართველოს ომის დაწყებიდან, 11 წლისთავზე, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ზუსტად იმეორებს კრემლის შეფასებებს და ომის დაწყებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს. ვოლსკის ეს განცხადება, ერთგვარი გაგრძელებაა ქართული ოცნების ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის იმ შეფასებების, რომელსაც საზოგადოების კრიტიკა უკვე არაერთხელ მოჰყვა, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერი, ისევ იმეორებს, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე არა ოკუპანტი ქვეყანა, არამედ ომის მსხვერპლი- საქართველოა.