გაზრდილი სამივლინებო ხარჯები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცხოეთში ვიზიტებისას მმართველი გუნდის წევრებმა ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრებისგან თავი უნდა შეიკავონ.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ როცა ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ხელისუფლება თავს ფუფუნების უფლებას არ უნდა აძლევდეს.
"არის უფრო მნიშვნელოვანი ის უკეთეს სასტუმროში იცხოვროს სახელმწიფო მოხელემ, როცა იმყოფება საზღვარგარეთ თუ ეს თანხები წარიმართოს უმუშევრობის დაძლევაზე ან რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, ეს არის მთავარი კითხვა.
თავისთავად, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვიზიტების განხორციელება პრობლემა არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რაოდენობა და როგორ კეთდება ეს ყველაფერი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხი,“-აცხადებს ეკა გიგაური.
იურისტი საბა ბუაძე ამბობს, რომ მხოლოდ დაპირებად რჩება მმართველი გუნდის ლიდერებისგან გაცხადებული ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. მისი თქმით, ყოველ ჯერზე ხელისუფლება საუბრობს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, თუმცა შედეგი აბსოლუტურად საპირისპიროა.
„ჩამოყალიბდეს ხედვა და ეს ხედვა არ ეფუძნებოდეს პოპულისტურ პოსტულატებს და იყოს კონკრეტულ დროში გაწერილი, თუ როგორ მოხდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება იმისთვის, რომ ჩვენ ისედაც მწირი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ იმაზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ბუაძე.