"ბევრი სისულელე წერია, უმრავლესობის ლიდერმა ისიც არ იცის, რომ ევროპარლამენტში წარმომადგენლობა არ გვყავს" - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის 19 პუნქტიან ბრალდებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
მდინარაძის განცხადებაში წერია, რომ 2008 წლის ოქტომბერში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც ერთ-ერთი პუნქტი რუსულ ნარატივს წარმოადგენდა. მისივე თქმით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო.
სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მრავალპუნქტიან ბრალდებებს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის კომენტარით პასუხობს:
„ბატონო მდინარაძე, ამ გზავნილებს ვინ გიწერთ, არ ვიცი, ბევრი სისულელე წერია, ყველაფერზე პასუხის გაცემასაც არ იმსახურებს. მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა, როდესაც არ იცის, რომ საქართველოს ევროპარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყავს, ეს უბრალოდ სასაცილო უვიცობაა.
ასევე სამარცხვინოა იმის არ ცოდნა, რომ ევროპარლამენტმა ოკუპაცია პირველად, 2011 წელს აღიარა. მოკლედ, უკეთესი კონსულტანტები აიყვანეთ, თქვენ რომ უვიცები ხართ, უსინდისობასთან ერთად, ეს ვიცით, დიდი ხანია“," - წერს სამადაშვილი.
ამ განცხადებების გაკეთებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ 9 პუნქტიანი საბრალდებო დასკვნა და რუსული პროპაგანდის ქართული თარგმანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რუსეთ საქართველოს ომის დაწყებიდან, 11 წლისთავზე, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ზუსტად იმეორებს კრემლის შეფასებებს და ომის დაწყებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს.